Accessibility links

site logo site logo

მელია: არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს​


"თუკი ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რას გააკეთებს მელია, გეტყვით, ახლა, თუკი რამეა დანაშაული, გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა, რადგან საქართველოს ასიათასობით მოქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი და ამ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. არანაირი დამორჩილება უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ, არ იქნება", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა, სასამართლოს მიმართოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით:

"88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი. ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას და არ ვიქნები გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენი მშობლებიც, ჟურნალიტებს მივმართავ, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს განაჩენი ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეებისა იმ კონკრეტულ დღეს, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა განხორციელდა, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს და ეს განცდა დაეუფლა ყველას და ყველანი ავდექით და მოვედით რუსთაველის გამზირზე და ერთ-ერთი ვიყავი მე და იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი. ამიტომ მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, ამ ადამიანების სახელით, ვისზეც მე ვისაუბრე, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, ეს არის დიდი დამცირება. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს და მოდი აქვე ვუთხრათ სიმართლე ერთმანეთს, რომ ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის, ერთ მხარეს არის ეროვნული ქართული მოძრაობა და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს, მონობა. ერთ მხარე არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ნათელი მომავალი და მეორე მხარეს საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, მეგობრები, დედებო, მამებო, დებო და ძმებო, შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხარო. ეს უბრალოდ არ მოხდება. და ბრძოლა იქნება ბოლომდე. გამარჯვებამდე, სანამ არ ვუზრუნველყოფთ, ამ ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განადგურების შესაძლებლობას არავის. გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, უკვე მეორედ გამასამართლა. არ ჩამითვალოთ ხმამაღლა ნათქვამში, მაგრამ კანით ვგრძნობ, რომ ეს ადამიანები, ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს. ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებიდან. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას".

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, „პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია“.

პარლამენტის დღევანდელი დადგენილების საფუძველია გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც მან პარლამენტისგან ითხოვა თანხმობა, რათა სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზნით.

თავად ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით.

მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG