Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო 2 პირი დააკავეს


ჭიათურის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებსაც ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლა, ძალადობის მუქარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიების თანახმად, „ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ“.

ბრალდებულებს, რომლებიც 16 თებერვალს დააკავეს, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღები ჯგუფის წევრებს მათთვის უცნობი პირები თავს დაესხნენ რეპორტაჟის მომზადების დროს.

„გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა კამერა ჩართო, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა ანუკა ლიპარიშვილმა.

გადამღები ჯგუფის წევრები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები ზოგადად, მედიის მიმართ აგრესიულად განწყობილი პირები არიან.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG