Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას


საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით მიიღო დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 3 თვით.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ მომზადებული დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, „იმისათვის, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას, შენიშვნას, ბრალდებას თუ მოსაზრებას გაეცეს პასუხი, გამოძიებული იქნეს თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება, ასევე შესრულდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები საკითხების საპარლამენტო ფორმატში შესწავლის შესახებ, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ, საქმიანობაში ჩართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შედეგებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას“.

ამავე დოკუმენტით, დროებითი საგამოძიებო კომისია „სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა“.

პარლამენტის რეგლამენტით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები“.

რეგლამენტიდან გამომდინარე, პარლამენტის ჯერჯერობით ერთადერთი ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებზეა დამოკიდებული, რა რაოდენობითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება საგამოძიებო კომისია. მდინარაძის ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის 150 მანდატიდან 90 მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და 60 საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"ქართული ოცნება" უარყოფს პოლიტპატიმრების არსებობას და არჩევნების გაყალბებას და ამის დასტურად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს. ამასთან, მმართველი პარტია თანხმობას აცხადებს საარჩევნო რეფორმაზე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს, თუ არჩევნების შესწავლისას აღმოჩნდება თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილება ცესკოს მიერ დაფიქსირებულ და გამოძიების შედეგად მიღებულ შედეგებს შორის.

ოპოზიციიდან პარლამენტში საქმიანობას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია და "მოქალაქეებიდან" არჩეული ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული კიდევ 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG