Accessibility links

site logo site logo

ქობულეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


გარდაცვლილი გოგონას ბაბუის საქმეზე სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტრაგიკულად გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას, 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს.

პატიმრობას შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა იმ არგუმენტებით, რომ არსებობდა მტკიცებულების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის და ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. დაცვის მხარემ მოსამართლეს 10 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

წინასასამართლო სხდომა 6 აპრილისთვის დაინიშნა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლაძეს ბრალი 16 თებერვალს წაუყენა შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე.

ამავე საქმეზე დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლის გოგოს ცხედარი 9 თებერვალს აღმოაჩინეს. მოზარდის დედა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ბაბუამ და ოჯახის ნათესავმა კაცებმა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტი შეიტყვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება გოგონას მიმართ სხვა, შესაძლო ძალადობის ფაქტებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG