Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი: კანონმორჩილებას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენ ვერ გვასწავლის


ირაკლი ოქრუაშვილი, "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე
ირაკლი ოქრუაშვილი, "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე

„კანონი თქვენთვისაც კანონი უნდა იყოს და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს“, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.

„ვემზადებით უგუნური გადაწყვეტილებისთვის, იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ გავატანთ. კანონი თქვენთვისაც კანონი უნდა იყოს და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან ითხოვენ კანონმორჩილებას გულუბრყვილობით, ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ, თორემ კანონმორჩილებას ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ჩვენ ვერ გვასწავლის“, - უთხრა მან ჟურნალისტებს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის საკითხის კომენტირებისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 თებერვალს, 16 საათზე დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მომხრეა. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრება.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG