Accessibility links

site logo site logo

ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების საკითხი დააყენეს


ნინო ჩომახაშვილი

ნიკა მელიას საქმის მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც ადვოკატები განმარტავენ, გამოიკვეთა ახლად გამოვლენილი გარემოება. მათი თქმით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი არის მობილიზებული, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება ნიკა მელია.

„თუ არ გაქვთ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, მაშინ, რატომ დგას ახლა სპეცრაზმი იქ?" - აღნიშნეს ადვოკატებმა და დაამატეს, - „სპეცრაზმის მიზანია ნიკა მელიას დაკავება".

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს: „გადადეთ გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალ საღამოსთვის და ვნახოთ, მაშინ, რისთვის არიან შეკრებილები სპეცრაზმელები".

ბასილაია ამბობს, რომ თუკი დღეს სისხლი დაიღვრება „ნაციონალური მოძრაობისს" ოფისთან მასზე პასუხისმგებელი იქნება მოსამართლე.

„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთი. თქვენ, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლით, ცნობილია... აიცილეთ ეს საქმე", მიმართა მოსამართლეს ბასილაიამ.

პროკურორის შეფასებით, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოთხოვნა. როგორც ის აღნიშნავს, გადაჭრით იმის თქმა არ შეიძლება, რომ სპეცრაზმი რომელიმე პარტიის ოფისთან არის მობილიზებული. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ასე არაა", - თქვა ბრალმდებელმა.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. დაცვის მხარე კი ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG