Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი: ნაც. მოძრაობის ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელიაა ესმერალდა


"ნაციონალური მოძრაობის ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელიაა ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არაფერში არ სჭირდება მის დაცვას. კანონი აღსრულდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვერავინ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს ამ წინააღდეგობის გაწევაში და მართლა შეეცდება, კანონი მათ მიმართაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ" - თქვა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში სტუმრობისას მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. თავად მელია ოპოზიციციონერ პოლიტიკოსებთან, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება - იქ შეკრებილები ამბობენ, რომ მას ფიზიკურად დაიცავენ. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჯერ კიდევ სასამართლოს მსვლელობისას ნაციონალური მოძრაობის ოფისთან სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ. შსს-ს განმარტებით, პოლიციის მობილიზება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდებოდა.

სუბარის თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციას ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევენ კანონის აღსრულებისას, რეაგირება მათზეც ისეთივე იქნება, როგორც ნებისმიერ მოქალაქეზე ან "ქუჩის ხულიგანზე". მისი თქმით, კანონი ყველასთვის კანონია და "არ არსებობს ჩინიანი და უჩინო".

დღეს, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო.

თავად ნიკა მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. იმის გამო, რომ ის ამ საქმეზე მიმდინარე ერთ-ერთი პროცესის დროს მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

ნიკა მელიამ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს".

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG