Accessibility links

site logo site logo

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა


"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა" - წერია განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გაავრცელა მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდნენ სამართალმდაცველები, რომლებიც პარტიის ლიდერის, ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინების გადაცემას აპირებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი თქვა, რომ "პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“.

ეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მეორე განცხადებაა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საელჩო ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისგან მოუწოდებდა.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციოსაპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

17 თებერვალს, მოამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა. მელია, რომელიც სასამართლოში სხდომას არ დასწრებია და ამჟამადაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში იმყოფება, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG