Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქადაგიშვილი: სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ პროვოკაციული ფიგურების გამო გააუქმოს კანონი


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი.

ირაკლი ქადაგიშვილმა მედიას უთხრა, რომ ნიკა მელიას გარშემო განვითარებული პროცესები თავად მელიას და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რადგან ნიკა მელიამ არჩევანი შეგნებულად გააკეთა და ამისკენ მიხეილ სააკაშვილმა უბიძგა.

„მან დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არ დაემორჩილება კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააკეთა ის ქმედება, რომელიც გააკეთა. ამის შემდეგ მათ დაინახეს, რომ ეს შიშველი ნაჯახით მოჭრილი თემა იყო და აბსოლუტურად მიუღებელი, ამიტომ შეეცადნენ ამის გასამართლებლად გავრილოვი მოეშველიებინათ და ოპერატიულად გამოიყვანეს კავშირზე გავრილოვი და დაიწყეს სპეკულაცია. გავრილოვიც სიამოვნებით დათანხმდა, რომ ქვეყნის ასარევად მას თავის ჩართულობა გამოემჟაღავნებინა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა. მისივე შეფასებით, მელიასთან მიმართებით სასამართლომ მიიღო კანონიდან გამომდინარე გადაწყვეტილება.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდნენ შსს-ს თანამშრომლები. მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს მელიას მხარდამჭერებმა. ერთ-ერთი გამომძიებელი აცხადებდა, რომ ნიკა მელია იმყოფება შენობაში და მათი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG