Accessibility links

site logo site logo

ბოკერია: არცერთი ხელისუფლება აღარ გაივლებს თავში პოლიტიკური ოპონენტების დევნას


„აღარასოდეს, არცერთი ხელისუფლება აღარ გაივლებს თავში, რომ ვინც პოლიტიკურად არ მოსწონს, შეიძლება დევნოს სისხლის სამართლებრივი გზით და ძალოვანების გამოყენებით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებას გადადგომის შესახებ.

მისი თქმით, ამჯერად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დროა:

„კარგია, რაც მოხდა დღეს, მაგრამ საბოლოო შედეგი იქნება ის, როდესაც ბოლომდე განიმუხტება კრიზისი მოლაპარაკების გზით, როცა მშვიდობიანად მოხდება ყველა ცვლილება ამ ქვეყანაში და როდესაც ქვეყნის გამოყვანას დავიწყებთ იმ უმძიმესი პრობლემებიდან, რომელიც დღეს არის შექმნილი. ოპოზიციას სრული ერთიანობა აქვს იმაზე, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები, უნდა იყოს სიმშვიდე და უნდა იყოს მშვიდობიანი ცვლილებები. ამას სჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები“.

ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება გააკეთა. ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკებ მოუწოდებს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

17 თებერვალს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG