Accessibility links

site logo site logo

გიორგი ვაშაძეს იმედი აქვს, რომ პროცესი შეთანხმებისკენ წავა


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, დაძაბული ღამის შემდეგ გამოჩნდა იმედი, რომ დაპირისპირების გზით აღარ ივლიან და პროცესი შეთანხმებისკენ წავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მყოფმა ვაშაძემ მედიას უთხრა, რომ მისასალმებელია ნიკა მელიას დაპატიმრების აღასრულების გადადება და ის, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა: „არ დავიწყებ, რომ ეს არის გამარჯვება და ასე შემდეგ. მთავარი გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამ დაპირისპირების ფონს მოვხსნით ერთხელ და სამუდამოდ“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია დამთავრდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება და დაიწყოს საქმის კეთება: „ვფიქრობ, სწორმა ნაბიჯებმა, რომელიც ერთიანად გადავდგით, გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანა. ეს არის დასაწყისი იმ ახალი ფაზის, რომელიც ყველას გვჭირდება. გვჭირდება დაჯდომა, მოლაპარაკება, რისთვისაც მზად ვართ და რიგგარეშე არჩევნები, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანა“.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტის თანამდებობიდან დღეს გადადგა. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ ნიკა მელიას მიმართ „თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულების“ დროსთან დაკავშირებით ის და მმართველი გუნდის სხვა წევრები ვერ შეთანხმდნენ.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს. მელია 17 თებერვალს სასამართლოს სხდომას არ დასწრებია.

დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდნენ შსს-ს თანამშრომლები. მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს მელიას მხარდამჭერებმა. ერთ-ერთი გამომძიებელი აცხადებდა, რომ ნიკა მელია იმყოფება შენობაში და მათი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG