Accessibility links

site logo site logo

ჯაფარიძე: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი


ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველო“ იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ არ დაკარგავს უნიკალურ შანსს და მოხდება შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებთან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის ასევე მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური ელფერით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და მოხდეს გასული წლის 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია:

„რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ვითარებაში იმისათვის, რომ განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით, რათა მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც უნდა მოიცავდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღს, პოლიტიკური ელფერით წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას და 8 მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამავდროულად, ჩვენი შეთანხმება უნდა მოიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გატარებას, საარჩევნო კომისიის განახლებას და მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკურ მშვიდობას და კრიზისიდან გამოსვლის დაწყების პროცესს“.

ოპოზიციური პარტიები ფასილიტატორების შუამავლობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG