Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა და ნეტაენიაჰუმ „ირანის მუქარაზე“, კოვიდსა და ახლო აღმოსავლეთზე იმსჯელეს


ჯო ბაიდენი, მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხელს ართმევს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტაენიაჰუს იერუსალიმში შეხვედრისას. 2016 წლის 9 მარტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ, სატელეფონო საუბარი გამართეს ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ. ნეტანიაჰუს ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო კავშირები ჰქონდა.

17 თებერვალს ისრაელის ლიდერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეტანიაჰუმ და ბაიდენმა იმსჯელეს „ირანის მუქარის“, ასევე სხვა საკითხების გარშემო, როგორიცაა კოვიდის პანდემია.

ნეტანიაჰუ ერთ-ერთი ბოლოა აშშ-ის მოკავშირეების იმ ლიდერთაგან, რომლებსაც ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა.

ნეტანიაჰუს ახლო კავშირი ჰქონდა ბაიდენის წინამორბედთან, დონალდ ტრამპთან, რომელმაც ძლიერი პროისრაელური პროგრამა გაატარა, რამაც უკმაყოფილო დატოვა არაბული ქვეყნები, ასევე ევროპასა და სხვაგან აშშ-ის მოკავშირეები.

საპარლამენტო არჩევნებში, 23 მარტს, ნეტანიაჰუს მძაფრი ბრძოლა მოელის. ვაშინგტონთან ურთიერთობა ისრაელელი ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ნეტანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის დროს ფოტო, რომელზეც გამოსახულია მომღიმარი პრემიერი ყურთან ტელეფონით.

ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი „თბილი და მეგობრული იყო“, წერდა მისი ოფისი, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებში ხაზგასმული იყო ორი ლიდერის ხანგძლივი ურთიერთობა. დოკუმენტის თანახმად, ბაიდენი და ნეტანიაჰუ „ერთად იმუშავებენ ისრაელსა და აშშ-ს შორის მკვიდრი ალიანსის განმტკიცებისთვის“. განცხადება დასძენს, რომ საუბრის თემებს შორის იყო „ირანის მუქარა“ ბირთვული იარაღის განვითარებით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა და ისრაელის სურვილი, გააფართოვოს არაბულ ქვეყნებთან დადებული შეთანხმებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG