Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრაზე არ აპირებს ფულის თხოვნას


ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, რომელიც 22 თებერვალს იგეგმება, იგი არ აპირებს პუტინისათვის ფულის თხოვნას. ამის შესახებ ლუკაშენკამ განაცხადა ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივან, გრიგორი რაპოტასთან შეხვედრის დროს.

„მე და პუტინმა დიდი ხნის წინ მოვილაპარაკეთ 20-იანი რიცხვების დასაწყისში შეხვედრის თაობაზე, ჩვენი თანაშრომლობის ზოგიერთი საკითხის განსახილველად. იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, რუსეთში ზოგიერთმა უკვე შეადგინა დღის წესრიგი: „ლუკაშენკა მოდის მთელი 3 მილიარდი დოლარის სათხოვნელადო“. არა, არ ვაპირებ მას რაიმე ვთხოვო“, - მოჰყავს ოფიციაურ სააგენტო ბელტას“ ბელარუსის ლიდერის სიტყვები.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს შარშან 14 სექტემბერს შეხვდნენ, ბელარუსში მიმდინარე საყოველთაო გამოსვლებისა და გაფიცვების პიკზე, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. მაშინ ლუკაშენკამ მიაღწია იმას, რომ კრემლმა მინსკს 1,5 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო.

პუტინთან მოლაპარაკების ფონის შესაქმნელად ლუკაშენკამ რუსებს უწოდა ყველაზე „ახლობელი ძმური ხალხი“, რომელიც მას არასოდეს უღალატებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამასწინანდელი მოვლენების დროს, რაც მიზნად ისახავდა ასევე შეტევას რუსეთზე.

„გარედან ბელარუსზე განხორციელდა უსასტიკესი თავდასხმა....და, უწინარეს ყოვლისა, როგორც მე ყოველთვის ვამბობდი, ეს იყო მათი იარაღის გარკვეული გამოცდა. ეს იყო ტრამპლინი რუსეთზე თავდასხმისათვის“, - განაცხადა 11 თებერვალს ლუკაშენკამ „სრულიად ბელარუსის სახალხო კრებაზე“.

9 აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსში რეჟიმის ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

თითქმის 9 თვის განმავლობაში ბელარუსში საპროტესტო აქციების მონაწილეთა, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი შტაბების თანამშრომელთა მიმართ, ჯამში, 1800-მდე საქმე აღიძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG