Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინაში პატივს მიაგებენ „ღირსების რევოლუციის“ დროს სისხლიანი შეტაკების მსხვერპლთა ხსოვნას


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო

უკრაინაში გავიდა 7 წელი იმ დღიდან, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიევის ცენტრში „ღირსების რევოლუციის“ 48 წევრი დაიღუპა. სისხლიანი მოვლენების შემდეგ უკრიანის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჯერ კიევი, შემდეგ კი უკრაინიდან რუსეთში გაქცევით ეშველა საკუთარი თავისათვის.

18 თებერვალს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გვირვინებით შეამკო „ზეციური ასეულის“ მონუმენტი. დღეს და მომდევნო დღეებში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ უკრიანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„ბრძოლის თითოეული დღე 2013 შემოდგომიდან ვიდრე 2014 წლის თებერვლამდე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვიჭირდეს დღეს, ჩვენ არასოდეს არ ვუღალატებთ იმ იდეალებს და პრინციპებს, რისთვისაც მაიდანზე ვიბრძოდით“, - განაცხადა კლიჩკომ.

მაიდნის საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. მოგვიანებით ამ გამოსვლებს „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე.

2014 წლის 20 თებერვალი უკრაინის ისტორიაში შევიდა როგორც ე.წ. „ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღე, სისხლიანი კულმინაცია კიევის ცენტრში, „მაიდან ნეზალოეჟნოსტიზე“, სადაც დემონსტრანტებისა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო გამოსვლების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება.

პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩის გაძევების შემდეგ მოსულმა უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, რომლის დროსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისგებაში მიეცა სულ მცირე 200 კაცი, ხოლო თავად იანუკოვიჩი დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სახელმწიფო ღალატისა და ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი ჩახშობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG