Accessibility links

logo-print logo-print

აშშ მზად არის, ჩაერთოს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაში და შეარბილოს ცალკეული შეზღუდვები


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებაში გაეროს უშიშროების საბჭოს 4 მუდმივმოქმედ წევრთან ერთად, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებაში აშშ-ის შესაძლო დაბრუნების თაობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებაში ჩაბმის მზადყოფნის გარდა, ვაშინგტონი დაჟინებით აღარ მოითხოვს ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გაგრძელებას და, ასევე, შეარბილებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადამინისტრაციის მიერ გაეროში აკრედიტებული ირანელი დიპლომატების გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 18 თებერვლის განცხადებას წინ უძღოდა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმომწერი სამი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ცნობას მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა რესპუბლიკელთა ბანაკიდან. წარმომადგენელთა პალატაში საგარეო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მაიკლ მაკკოლმა „საგანგაშო“ უწოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მზადყოფნას, „წავიდეს დათმობაზე“, რათა შეუერთდეს „საზიანო შეთანხმებას“.

საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც დაიდო დასავლეთის ოთხ სახელმწიფოს, ასევე რუსეთსა და ჩინეთს, და ირანს შორის, ისლამურმა რესპუბლიკამ შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და, სანაცვლოდ, გაუქმდა მის მიმართ დაწესებული სანქციები. 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიყვანა ქვეყანა შეთანხმებიდან, რადგან ჩათვალა, რომ ის არ არის საკმარისად მკაცრი, რომ ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში და მკაცრი სანქციები დაუწესა თეირანს.
ირანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის და აცხადებდა, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

სხვა ხელის მომწერები ცდილობდნენ ბირთვული შეთანხმების გადარჩენას.
შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საპასუხოდ ირანი საფეხურებრივად არღვევს შეთანხმებით დაწესებულ პირობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG