Accessibility links

logo-print logo-print

საია და GDI მოუწოდებენ შსს-ს პატივი სცეს ტროტუარზე კარავის მეშვეობით შეკრების უფლებას


საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა უფლება გაეშალათ კარავი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები დააკავა.

საია განმარტავს კანონს, რომელიც კარვის გაშლის საკითხს უკავშირდება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“

საია-ს შეფასებით, „ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას. ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც „პარტიზანი მებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს".

„პარტიზანი მებაღეების“ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმის აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ, მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

„გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. კარვის დადგმა განპირობებული იყო ცივ ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების მიზნით. ამგვარად, არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პატივი სცეს ადამიანის უფლებას - მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI აცხადებს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავების ფაქტი. „ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ცალსახად აძლევს უფლებას ყველა ადამიანს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი, მათ შორის, კარვის გაშლის გზით, თუკი ეს არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას. შესაბამისად, პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი უწყებები არ აძლევენ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება წლებია უხეშად ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად იყენებს", - ვკითხულობთ GDI-ს განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის მხარეს კარვის დადგმის მცდელობისას პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს და პირადად ლევან ხაბეიშვილს კარავი მოჰპარა. მისი თქმით, პოლიციამ მოქალაქეებს არ მისცა საშუალება, გამოეყენებინათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გააპროტესტონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG