Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დაკავებული „ლელოს" ხუთი წევრი გაათავისუფლეს  


პოლიციამ გაათავისუფლა პარტია „ლელოს" ხუთი წევრი, რომელიც რამდენიმე საათის წინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავა. მათ შორის არის საბა ბუაძე, რომელიც ამ სიტყვებით აფასებს სამართალდამცავების მოქმედებას: „ეს იყო სისტემის პანიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია".

„ლელო" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას აპროტესტებდა. „ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს, მშვიდად არ შევეგუებით. ეს არის ამ სისტემის პანიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია, ჩვენ არ გვეშინია ამის. ეს არის იმის ნათელი გამოხატულება, რომ ძალიან ახლოს არის ამ ძალიან ცუდი სისტემის დასასრული და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მშვიდობიანად", - თქვა ბუაძემ.

პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის მცდელობისთვის ასევე დააკავეს აქციის 20 მონაწილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG