Accessibility links

logo-print logo-print

სახალხო დამცველის განცხადებით, აქციაზე კარვების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული


პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება სახალხო დამცველი, სადაც აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლები კარვის განთავსების შესაძლებლობას არ აძლევენ. განცხადების თანახმად, დაპირისპირება შეკრების ოცზე მეტი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსება არ იწვევს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება.

„აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპებში. უფლებით სარგებლობის ფარგლებში კარვის განთავსების შესაძლებლობას ეროვნული სასამართლოც აღიარებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის მხარეს კარვის დადგმის მცდელობისას პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს და პირადად ლევან ხაბეიშვილს კარავი მოჰპარა. მისი თქმით, პოლიციამ მოქალაქეებს არ მისცა საშუალება, გამოეყენებინათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გააპროტესტონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG