Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში 20 და 21 თებერვალს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. დღეს კომიტეტების ფორმატში დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატების მოსმენა და სამთავრობო პროგრამის განხილვა.

პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარალემენტმა 22 თებერვალს უნდა მიიღოს.

ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატურად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასრტუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშრ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.

საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია მთავრობას დიალოგისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG