Accessibility links

site logo site logo

ჟიგიმანტას პავილიონისი ენმ-ს ოფისში მისვლამდე "ევროპული საქართველოს" წევრებს შეხვდა


"დღეს საქართველოში ჩამოვიდა ლიეტუის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ლიტვის ყოფილი ელჩი ამერიკაში, ჟიგიმანტას პავილიონისი. ის, როგორც ჩვენი ყველა მეგობარი, შეშფოთებულია ამ სიტუაციით და მოწოდებულია, რომ ეს კრიზისი განმუხტოს. ამ კრიზისის განმუხტვა პირველ რიგში ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალ წელს არის ნატოს სამიტი, საქართველოს აქვს ეროვნული ამოცანები, რომელზეც მთავრობა არ ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ეს ამოცანები ძალიან გვაღელვებს. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია მოინახოს გზები შექმნილი სიტუაციის განმუხტვისა"- თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" ოფისში დასრულდა შეხვედრა ჟიგიმანტას პავილიონისსა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის. ამ შეხვედრის შემდეგ პავილიონისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში წავიდა ნიკა მელიასთან შესახვედრად.

"პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს და პოლიტიკური მართლმსაჯულება აღარ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ეს იყო ამ შეთანხმების სულისკვეთება. მთელი პაკეტია, რაც გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და ასევე გზების პოვნა, როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური პარლამენტი. ლეგიტიმურ პარლამენტში ვგულისხმობ ვადამდელ არჩევნებს" - თქვა გიორგი კანდელაკმა.

თავად ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ევროპული საქართველოს დატოვების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაელაპარაკოს ყველა მხარეს და შეთავაზოს მედიაცია მოლაპარაკებებში, ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას. მან თქვა ისიც, რომ მისი ქვეყნის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არ აირჩევ დასავლურ გზას, არ შეუერთდები ევროკავშირსა და ნატოს, შეიძლება მოკვდე.

ლიეტუვის ელჩი პირველი დიპლომატი იყო, ვინც 18 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მაშინ მივიდა, როცა არ იყო გამორიცხული შენობაში პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმების შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ქართულმა ოცნებამ პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG