Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება, გვინდა არჩევნები დაინიშნოს მოლაპარაკების გზით


„ეს ვიზიტი არ ემსახურება კონკრეტულად ნიკა მელიას მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოში ვიზიტს მომდევნო თვის დასაწყისში გეგმავდა, მაგრამ დღეს ჩამოვიდა, იმის გამო, რომ არანორმალური ვითარება შეიქმნა, ეს ვიზიტი ემსახურება ქართული დემოკრატიის გადარჩენას და ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ სახელმწიფოს შორის ის ურთიერთობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის უკვე მრავალი წელია არსებობს. ვიზიტიცაა და ვიზიტიც. გააჩნია, როდის დაუდგები შენს მეგობარს ქვეყანას გვერდში“, - თქვა ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ. მან ასევე თქვა ისიც, რომ საქართველოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა დღეს არის, არავინ დაელოდება არც ნატოსა და არც ევროკავშირში.

„ქართულმა ოცნებამ უნდა დაიხიოს უკან და მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება და ეს მისია არის შეუსრულებელი. სჯობს დღესვე მიხვდნენ, ხვალვე მიხვდნენ, სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს“, - თქვა ნიკა მელიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი, ვადამდელი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილ მძიმე მდგომარეობაში. „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების წარმოების წინაპირობად მან სწორედ ხელისუფლების მხრიდან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მზაობა დაასახელა.

„ახლა ძალიან გაჯიუტებულია ქართული ოცნება გადაწყვეტილებებში და ამას მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოასწორებს. არ არის საკმარისი მხოლოდ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პოლიტიკურად გაბანკროტებული. ქვეყანაში კიდევ ერთი, უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ამ ვითარებას ჭირდება განმუხტვა. ამას ჭირდება მეტი კოორდინაცია, თუ ლიეტუვის სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან მედიაციაში, ფასილიტატორების ამპლუაში ამერიკის საელჩოსთან და ევროკავშირის მისიასთან ერთად, მხოლოდ მივესალმები. მაგრამ, ასე რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად ხელისუფლება აღარ არსებობს, ცხადია“, - თქვა ნიკა მელიამ. მან ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც წარდგენილია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში.

„ბატონი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებას მიაყენებს მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას. ბატონი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი 2021 წელს და ქართულმა ოცნებამ არ დაკარგოს ხელისუფლება. დიახაც, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ქართულ ოცნებას მოუწევს ბატონი ღარიბაშვილის ლიდერობით ამ არჩევნებში მონაწილეობა. ადამიანი, რომელიც დაკავებულია ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ღვარძლის გაღვივებით, ვითარების დაძაბვით. თავიდან ბოლომდე ბატონი ღარიბაშვილი არის კონფლიქტის განსახიერება. მისთვის ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბატონის მორჩილი. იგი არ ცნობს განსხვავებულ პოზიციას ქვეყანაში, არ ცნობს ოპოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას - არის მტრულად განწყობილი ყველანაირი განსხვავებული აზრის მიმართ. როგორ შეიძლება ამ ბატონის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად“, - თქვა ნიკა მელიამ პრემიერობის კანდიდატზე.

ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოში შეხვედრებს გეგმავს როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან.

საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG