Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია ღარიბაშვილზე: "ქართულ ოცნებას" მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს


„ბატონი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებას მიაყენებს მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას. ბატონი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი 2021 წელს და ქართულმა ოცნებამ არ დაკარგოს ხელისუფლება. დიახაც, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ქართულ ოცნებას მოუწევს ბატონი ღარიბაშვილის ლიდერობით ამ არჩევნებში მონაწილეობა. ადამიანი, რომელიც დაკავებულია ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ღვარძლის გაღვივებით, ვითარების დაძაბვით. თავიდან ბოლომდე ბატონი ღარიბაშვილი არის კონფლიქტის განსახიერება. მისთვის ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბატონის მორჩილი. იგი არ ცნობს განსხვავებულ პოზიციას ქვეყანაში, არ ცნობს ოპოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას - არის მტრულად განწყობილი ყველანაირი განსხვავებული აზრის მიმართ. როგორ შეიძლება, ამ ბატონის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად?“ - თქვა ნიკა მელიამ პრემიერობის კანდიდატზე ლიეტუველ პარლამენტართან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრის დასრულების მერე მელიამ თქვა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები აუცილებლად გაიმართება, ახლა მხოლოდ ისაა გადასაწყვეტი, როდის და როგორი კომპრომისის სანაცვლოდ დათანხმდება ამას ხელისუფლება. მელიამ თქვა, რომ ოპოზიციას სურს ახალი არჩევნები მოლაპარაკებების შედეგად, მშვიდობიანი პროცესის შედეგად დაინიშნოს ამავე წლის შემოდგომაზე, თუმცა არ გამორიცხავს დემონსტრაციებისა და პროტესტის გზასაც, თუკი მოლაპარაკებების გზით „ქართული ოცნება“ ამ დათმობაზე არ წამოვა.

„ახლა ძალიან გაჯიუტებულია ქართული ოცნება გადაწყვეტილებებში და ამას მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოასწორებს. არ არის საკმარისი მხოლოდ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პოლიტიკურად გაბანკროტებული. ქვეყანაში კიდევ ერთი, უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ამ ვითარებას ჭირდება განმუხტვა. ამას ჭირდება მეტი კოორდინაცია, თუ ლიეტუვის სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან მედიაციაში, ფასილიტატორების ამპლუაში ამერიკის საელჩოსთან და ევროკავშირის მისიასთან ერთად, მხოლოდ მივესალმები. მაგრამ, ასე რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად ხელისუფლება აღარ არსებობს, ცხადია“, - თქვა ნიკა მელიამ.

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა მელიასთან შეხვედრის შემდეგ დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ქვეყნის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი საქართველო დასავლეთის გზას არ აირჩევს, ევროკავშირისა და ნატოს გარეშე ის ფაქტობრივად განწირულია სიკვდილისთვის.

ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატურად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშრ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.

საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია მთავრობას დიალოგისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG