Accessibility links

site logo site logo

კიევმა სანქციები დაუწესა პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს


ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინამ სანქციები დაუწესა ვიქტორ მედვედჩუკს, პოლიტიკაში გავლენიან პირს და ოლიგარქს, რომელსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - და განაცხადა, რომ აპირებს იმ ნავთობსადენის ნაციონალიზაციას, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, მედვედჩუკი აკონტროლებს.

უკრაინის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ 19 თებერვალს გამოაცხადა სანქციები მედვედჩუკის, მისი ცოლის, ოლგა მარჩენკოს, კიდევ იმ ექვსი პირის და 19 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ოლიგარქთან არიან დაკავშირებული. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა.

სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. მედვედჩუკის ქონების უდიდესი ნაწილი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული.

ეს ზომები ამ ეტაპზე ბოლოა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში, რომელთა მიზანია იმ უკრაინელების შეზღუდვა, ვისაც, მათი კრიტიკოსების თქმით, ახლო კავშირები აქვთ კრემლთან.

2 თებერვალს უკრაინამ სანქციები დაუწესა ტარას კოზაკს და სამ სატელევიზიო სადგურს, რომლებსაც ის ფორმალურად ფლობს. უკრაინის მედია აცხადებს, რომ ეს მედიასაშუალებები, რომლებიც კრემლის მომხრე პროპაგანდას გადასცემდნენ, სინამდვილეში მედვედჩუკის საკუთრებაა.

რამდენიმე დღით ადრე ზელენსკის მთავრობამ დაიწყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიება. უკრაინელ პირებს ბრალად სდებენ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიისთვის ზიანის მიყენების მცდელობას, გავრცელებული ვარაუდით, მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებით იმ პერიოდიდან, როცა ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ობამას ადმინისტრაციის უკრაინასთან კავშირებს ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG