Accessibility links

logo-print logo-print

ადვოკატები ნიკა მელიაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიკა მელიას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვისას გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა მელიას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილონ.

დიმიტრი საძაგლიშვილმა, ნიკა მელიას ადვოკატმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში უკვე შეტანილია და სასამართლოს ან საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად 72 საათიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ნიკა მელიას საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერებული იქნება.

დიმიტრი საძაგლიშვილმა ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია და სასამართლოს ნებისმიერი პასუხი პოლიტიკური პასუხი იქნება და არა სამართლებრივი, თუმცა. ამის მიუხედავად, მათ უნდათ, ყველა ღონე იხმარონ, რაც დაცვის მხარის ხელშია, თუნდაც იმის საჩვენებლად, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი პოლიტიკური დევნის იარაღია ხელისუფლების ხელში მის წინააღმდეგ.

ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გუნდში ან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, თანამდებობა დატოვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადადო პრემიერის გადადგომის გამო.

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორები კი დიალოგის საჭიროებასა და გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისზე ალაპარაკდნენ. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG