Accessibility links

site logo site logo

რუსეთის პოლიციამ დაშალა მოკლული ოპოზიციონერის, ნემცოვისადმი მიძღვნილი სახელდახელო მემორიალი, დააკავა ორი აქტივისტი


რუსეთის პოლიციამ კიდევ ერთხელ დაშალა მოსკოვის ცენტრში სახელდახელოდ აღმართული მემორიალი, რომელიც მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას ეძღვნებოდა და დააკავა ორი აქტივისტი, რომლებიც ამ მემორიალს იცავდნენ, - იუწყება ადგილობრივი მედია.

მემორიალის დამცველებს შორის მყოფმა მოხალისემ, გრიგორი სიმაკოვმა გამოცემა "ნოვაია გაზეტას" უთხრა, რომ პოლიციამ მემორიალი გაანადგურა და ადგილზე ბარიკადები აღმართა. სიმაკოვის თქმით, პოლიციამ დააკავა და საბუთების შესამოწმებლად განყოფილებაში წაიყვანა ორი აქტივისტი, ხოლო ის და მისი ცოლი იქიდან განდევნეს.

ყვავილებისგან, ფოტოებისა და სანთლებისგან შემდგარი მემორიალი განთავსებული იყო კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე, სადაც ნემცოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს თითქმის ექვსი წლის წინ, 2015 წლის 27 თებერვალს.

ნემცოვის მომხრეები მემორიალს მისი სიკვდილის შემდეგ ინარჩუნებენ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია, ქალაქის მუშაკები და სხვები მას რეგულარულად ანადგურებენ ან შლიან. 2017 წლის აგვისტოში ერთი მოხალისე დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ხიდზე სცემეს.

ნემცოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი იყო. მის სიკვდილში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს ხუთი ჩეჩენი, მაგრამ კრიტიკოსები, მათ შორის, ნემცოვის ნათესავები და კოლეგები აცხადებენ, რომ მისი მკვლელობის შემკვეთი დადგენილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG