Accessibility links

site logo site logo

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა როტერდამის ტურნირზე


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და ადვილად აჯობა - ქართველმა წყალბურთელებმა მოიგეს, ანგარიშით 18:10 და მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი როტერდამში 14 თებერვალს დაიწყო. კონკურენციაში თორმეტი ქვეყნის ნაკრები უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ თურქეთი შეჯიბრებას დაწყებამდე გამოეთიშა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემის გამო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგო კანადას (14:11) და ბრაზილიას (12:8), წააგო საბერძნეთთან (10:11) და მონტენეგროსთან (9:11) და ჯგუფიდან პლეი ოფში მესამე ადგილით გავიდა. მეოთხედფინალში დამარცხდა ხორვატიასთან (6:15), შემდეგ - ნიდერლანდებთანაც (11:14) და მეშვიდე ადგილისთვის მატჩში, ისევ კანადას შეხვდა.

როტერდამის ტურნირზე ტოკიოს ოლიმპიადის სამი ლიცენზია თამაშდება. მათგან ორს უკვე გამოუჩნდა პატრონი - მონტენეგრომ და საბერძნეთმა იაპონიის საგზური ფინალში გასვლით გაინაღდეს. მესამე ლიცენზიანტი კი დღეს საღამოს გამოვლინდება, ხორვატიისა და რუსეთის მატჩში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG