Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

პარლამენტის სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. მანამდე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე იმსჯელებს ფრაქცია „ქართული ოცნება“. ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფორმატით მინისტრობის კანდიდატების განხილვაზე უარი თქვეს „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, შეკითხვებს პარლამენტის სხდომაზე დასვამენ და მოსაზრებებსაც იქ გამოთქვამენ.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე შაბათ-კვირას იმსჯელეს პარლამენტის კომიტეტებმა და მინისტრობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

იმავე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობას 2013-2015 წლებშიც ხელმძღვანელობდა.

ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.

პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო მოძრაობები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG