Accessibility links

site logo site logo

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა


საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კანდიდატი კავშირის ოცდაოთხმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. ესენი არიან: ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – „არწივები“, წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – „დინოზავრი“, სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა, ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის კოლხი რაინდები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი, ბორჯომის სასპორტო სკოლა და სარაგბო კლუბები „ბათუმი“, „აია“, „დინამო“, „ლელო“, „სტუ ყოჩები“, „ბაგრატი“, „არესი“, „ტაო“, „ყაზბეგი“, „კახეთი“, „ფირალები“, „აიეტი“, „იუნკერები“, „პონტო“, „დევები“, „წიქარა“ და „რაშები“.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება, კავშირის მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობაზე). დიდი ალბათობით, მასში პროტესტის ნიშნად არ მიიღებს მონაწილეობას ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე, რომელიც 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არჩევნები არ დააკანონა. გადაწყვიტა, რომ ის ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა.

ირაკლი აბუსერიძის მომხრე ვეტერანმა და მოქმედმა მორაგბეებმა მას შემდეგ, რამდენიმეჯერ გააპროტესტეს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და ხმამაღლა თქვეს, რომ რაგბის კავშირის საქმეებში გარეშე პირები ერეოდნენ. მათვე ახსენეს მავანთათვის სასურველი სავარაუდო ახალი კანდიდატი იოსებ ტყემალაძეც, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG