Accessibility links

site logo site logo

გერმანია ირანს ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი. 2021 წლის 22 თებერვალი

გერმანია ირანს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები, რაც, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანის ინტერესებშია.

განიარაღების შესახებ გაეროს მიერ გამართულ კონფერენციაში, ჟენევაში, 22 თებერვალს, ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა თავისი მზადყოფნა, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, და დასძინა: „ირანის ინტერესებშია, შეცვალოს ახლა კურსი, სანამ შეთანხმება ისე არ დაზიანებულა, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს“.

მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მოელის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან „სრულ შესაბამისობას, სრულ გამჭვირვალობასა და სრულ თანამშრომლობას“. სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 21 თებერვალს დაბრუნდა თეირანიდან. ირანმა 22 თებერვალს შეაქო გროსის ვიზიტის შედეგები და ორ მხარეს შორის დროებითი შეთანხმება, რომელიც ინსპექტირებას შეეხება, შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი მიღწევა“.

მორიგებამ პრაქტიკულად დრო მოიგო, რადგან ყველა მხარე ახლა ცდილობს გადაარჩინოს შეთანხმება, რომელიც გაუქმების საფრთხის პირას იყო, როცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მასზე უარი თქვა და ირანს სანქციები დაუწესა.

თეირანი მოითხოვს ამ, 2018 წლის შემდეგ დაწესებული, სანქციების გაუქმებას. ვაშინგტონი მოუწოდებს ირანს, პირველ რიგში მან შეასრულოს ყველა ნაკისრი ბირთვული ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG