Accessibility links

site logo site logo

ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება გეგმავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას


ხატია დეკანოიძე

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ილაპარაკა პარტიის ოფისში მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ.

„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა, რომელიც არის ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ“, - თქვა დეკანოიძემ.

როგორც პოლიტიკოს ამბობს, ოპოზიციას სურს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

„ძალიან მარტივია პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და კატეგორიულად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. ჩვენთან, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან, არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის, ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ გვსურს განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა მან.

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუკზე" წერს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იარაღის არსენალის „აღმოჩენას".

„მიიღეთ ადეკვატური ზომები ამ საფრთხის გასანეიტრალებლად (მოიწვიეთ კამერები, დაათვალიერებინეთ და გადააღებინეთ ოფისი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატები და ასე შემდეგ)', - მოუწოდა გვარამიამ ნიკა მელიას და ენმ-ს.

პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ გამწვავდა. 17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG