Accessibility links

logo-print logo-print

ნათია მეზვრიშვილი: ბრალდებულის დევნამ "კანონის სახელით" ქვეყანა დახია უკან


ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ვრცელ პოსტში იგი განმარტავს, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე განაჩენის გამოტანამდე დარჩენილიყო.

„პირველ რიგში - არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან”, - წერს ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, დაკავების ფორმა შეუძლებელია სამართლებრივად გამართული იყოს მაშინ, როდესაც აღსრულებამდე მთლიან პროცესში არაერთი კითხვის ნიშანი იყო.

რაც შეეხება კითხვის ნიშნებს. ნათია მეზვრიშვილის თანახმად, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე, მაგრამ მას სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ანუ ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლის გარეშე, მარტივად შეიძლებოდა, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ნიკა მელია, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

ნათია მეზვრიშვილი განმარტავს იმასაც, რომ კანონი აღკვეთის ღონისძიების იერარქიას არ განსაზღვრავს და არავინ იცის, აღკვეთის რომელი ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი.

„ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა, პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთას უფარდებს.

შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო”, - განმარტავს ნათია მეზვრიშვილი. მისი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავების ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „აღსრულების სახელით“.

„არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან”, - წერს ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG