Accessibility links

logo-print logo-print

პოლიტიკური კრიზისი და მისი შედეგები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 თებერვალს


საერთაშორისო შეფასებები და საუბარი დიალოგის საჭიროებაზე

ნიკა მელიას დაკავებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ დღის ბოლოსკენ ისევ დაიწყო საუბარი დიალოგზე, როგორც კრიზისის განმუხტვის გზაზე. დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციასთან შეხვედრამდე.

დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს. ღარიბაშვილმა გუშინ ოპოზიციას თავადაც მიმართა და განაცხადა, რომ "დიალოგის დროა".

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ოპოზიციასთან ვადამდელ არჩევნებზე დიალოგს არ აპირებს. არადა, ეს საკითხი ისევ რჩება ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, ისევე როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გუშინ ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური დევნის გამო საქართველო დაზარალდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საერთაშორისო მხარდაჭერა და ევროკავშირსა თუ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები.

რას ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უყურებენ? რა მოხდება შემდეგ? რატომ ახსენდებათ რუსეთი და რა სარგებელს ელოდება კრემლი? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მელია მოითხოვს საკანში ტელევიზორის შეტანას - მას სახალხო დამცველი ციხეში შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომელიც საპოლიციო ძალებმა 23 თებერვალს დააკავეს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მელია მიიჩნევს, რომ საკნის პირობები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მისი ერთადერთი მოთხოვნა ტელევიზორის შეტანაა.

„დაკავების შემდეგ ნიკა მელია თავდაპირველად გადაიყვანეს შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში, საიდანაც გადაიყვანეს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები. თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა სურვილი, საჯაროდ მეთქვა, რომ ის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზე არის. ერთადერთი მოთხოვნა ამ წუთას აქვს, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

წაიკითხე მეტი.

ოპოზიციის გეგმები აქციებთან დაკავშირებით

დღეს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ავტომანქანების მსვლელობას მოაწყობს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც ნიკა მელია იმყოფება. ავტოკოლონით გადაადგილება 2 საათზე დაიწყება.

პარალელურად ოპოზიცია 26 თებერვლის აქციისთვის ემზადება, რომელიც გუშინ ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დააანონსა.

„ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ირანმა დაადასტურა, რომ წყვეტს ბირთვული ობიექტების სწრაფ ინსპექტირებას, აშშ ცდილობს, „განავრცოს და განამტკიცოს“ ბირთვული შეთანხმება

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ 22 თებერვალს თეირანმა შეწყვიტა დამატებითი პროტოკოლის შესრულება, რომელიც ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმების საშუალებას აძლევდა ინსპექტორებს. ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ირანი აგრძელებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევას.

გაფრთხილება მას მერე გაისმა, რაც ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გამდიდრებას გააფართოებს. ამ დროს აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები მოქმედების ერთობლივი და მრავლისმომცველი გეგმის, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების, გადარჩენას ცდილობენ. ის აშშ-მა დატოვა 2018 წელს და ირანს შეთანხმების შედეგად გაუქმებული სანქციები კვლავ დაუწესა.

22 თებერვალს აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაუბრუნდება შეთანხმების მკაცრად შესრულებას, თუ თეირანიც გააკეთებს იმავეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ჟენევაში მიმდინარე, გაეროს მიერ ორგანიზებულ, განიარაღების კონფერენციას განუცხადა, რომ ვაშინგტონს იმედი აქვს, "გააფართოოს და განამტკიცოს" შეთანხმება.

წაიკითხე მეტი.

დასავლეთი VS რუსეთი - ვინ რას ამბობს ნიკა მელიას დაკავებაზე

ნიკა მელიას დაკავებასა და „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმს მსოფლიო მედია ეხმაურება. დასავლელი ჟურნალისტები წერენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მწვავდება და ქართული დემოკრატია საფრთხეშია, რუსული მედიისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მელია „ანტირუსული პროტესტის” ორგანიზატორი იყო.

გუშინ დილიდან რუსული მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს. „საქართველოში სააკაშვილის პარტიის ლიდერი დააკავეს”, - დაწერა რუსულმა გამოცემა RBC-მ.

კრემლის მიერ დაფინანსებულმა ტელეკომპანია RT-მ (იგივე Russia Today) კი კრემლის ნარატივი განავრცო და მკითხველს შეახსენა, რომ სწორედ სააკაშვილის დროს, 2008 წელს, „დაესხა თავს საქართველო სამხრეთ ოსეთს”.

წაიკითხე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG