Accessibility links

site logo site logo

გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გამოძიება განახლდა


ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო

საფრანგეთის პროკურატურამ ხელმეორედ დაიწყო გამოძიება ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ. 72 წლის მსახიობს გაუპატიურებაში ადანაშაულებს ახალგაზრდა მოცეკვავე და მსახიობი ქალი, რომლის მტკიცებით, 2018 წელს, დეპარდიემ მასზე ორჯერ იძალადა პარიზის ბინაში.

ქალმა პროკურატურაში იმავე წელს იჩივლა, თუმცა, 2019 წელს გამოძიება შეწყდა დეპარდიეს წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო. სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, გამოძიება განახლდა მსახიობი ქალის მიერ 2020 წლის აგვისტოში ხელმეორედ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც მტკიცებულებებით უფრო გამყარებულია.

დეპარდიეს ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი, ისევე, როგორც 2 წლის წინ, ბრალდებას დღესაც კატეგორიულად უარყოფს. როგორც ირკვევა, პროკურატურამ საქმის ხელმეორედ გამოძიება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. გამოძიების შედეგად უნდა გადაწყდეს, წაუყენებენ თუ არა დეპარდიეს ოფიციალურ ბრალდებას.

ჟერარ დეპარდიე, რომელსაც კინოში 180-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია. 2013 წელს, საფრანგეთში აღშფოთება გამოიწვია დეპარდიეს გადაწყვეტილებამ ქვეყანა დაეტოვებინა მაღალი გადასახადებისადმი პროტესტის ნიშნად და რუსეთის მოქალაქეობა მიეღო.

2013 წლის იანვარში, პრეზიდენტმა პუტინმა დეპარდიეს პირადად გადასცა რუსეთის მოქალაქის პასპორტი. იმავე წლის თებრვალში ჟერარ დეპარდიეს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და გროზნოში 5 ოთახიანი ბინა აჩუქა ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა. მსახიობი აცხადებდა, რომ რუსეთი ძალიან უყვარს, მაგრამ ბელგიაში ცხოვრებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG