Accessibility links

site logo site logo

ნინო ევგენიძე: საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ავტორიტარიზმის უკვე გაფორმება ამ ქვეყანაში


ნინო ევგენიძე

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, თუ აქამდე ქვეყანაში ოლიგარქიული სისტემის შექმნის მცდელობები იყო, ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ავტორიტარიზმის უკვე გაფორმება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ნინო ევგენიძემ აღნიშნა, რომ ამის გაკეთება ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება და რაც უფრო მალე დაუბრუნდება საღ აზრს და ადეკვატურ მდგომარეობას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. მისი თქმით, ქვეყანა გზაგასაყართან დგას:

„აქამდე, რაც ჩვენ გვახსოვს და საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, არც ერთ ხელისუფალს ამ ქვეყანაში არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს დაასამარებდა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემი აზრით ვერ იქნება ამ იდეის და ამ ჩვენი სანუკვარი ოცნების დამმარხავი ამ ქვეყანაში. არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მე არ მეგულება არც ერთი მომავალი ხელისუფლება, ვერ წარმომიდგენია თუ როგორ შეიძლება დააპირონ ან შეძლონ ასეთი რამის გაკეთება ამ ქვეყანაში. უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავია, მაშინ ტყუილად ვყოფილვართ ამ ქვეყნად სუყველა, თითოეული ჩვენთაგანი, 100 წლის წინ ტყუილად მოგვიპოვებია დამოუკიდებლობა და მერე ისევ იგივე ბოლშევიკებისა და რუსული ზეგავლენის წყალობით დაგვიკარგავს, ამიტომ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ვიყოთ სახელმწიფო, ვიყოთ ქვეყანა და დავიკავოთ ჩვენი ღირსეული ადგილი, დავუბრუნდეთ ჩვენს ოჯახს, რომელსაც ვეკუთვნით“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

23 თებერვალს, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მეორე დილას. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა 18 თებერვალს გადამდგარი გიორგი გახარია, რომელმაც გადადგომის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG