Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ტექნოლოგიის კომპანიების მესვეურები: მტკიცებულებები მოწმობს, რომ ჰაკერული შეტევის უკან რუსეთი იდგა


აშშ-ის ტექნოლოგიების კომპანიების მესვეურებმა 23 თებერვალს კანონმდებლებს უთხრეს, რომ სამთავრობო და კორპორაციულ ქსელებში ახლახან განხორციელებული ჰაკერული შეღწევის მასშტაბი და დახვეწილობა მის უკან სახელმწიფო აქტორის ყოფნაზე მიუთითებს, და რომ ყველა მტკიცებულება მიანიშნებს, რომ ეს აქტორი რუსეთი იყო.

ეს განცხადებები გაკეთდა პირველ სხდომაზე, რომელიც შეისწავლის დეკემბერში აღმოჩენილ ჰაკერულ თავდასხმას. ცნობილია, რომ ჰაკერებმა მავნე კოდი შეიყვანეს აშშ-ის კომპანიის, SolarWinds-ის სოფტვერის განახლებაში, რომელიც აშშ-ის მთავრობის რამდენიმე შტომ, ასევე აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე კორპორაციამ ჩამოტვირთეს.

აშშ-ის დაზვერვის სფეროს და ტექნოლოგიათა ინდუსტრიის წარმომადგენლები თავდასხმაში რუსეთის ჰაკერებს ადანაშაულებდნენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. თუმცა ტექნოლოგიების სფეროს მესვეურებმა 23 თებერვლის სხდომაზე თავდასხმის სიზუსტის და მასშტაბის აღწერის ფონზე განაცხადეს, რომ ყველა მტკიცებულება რუსეთზე მიუთითებს.

მაიკროსოფტის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა სენატის სადაზვერვო კომიტეტს უთხრა, რომ კიბერთავდასხმაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს მონაწილეობაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მიუთითებს და რომ კომპანიას "სხვა მიმართულებით მტკიცებულებები არ აღმოუჩენია".

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს სადამსჯელო ზომებს რუსეთის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ახლახან თქვა, რომ აშშ-ის პასუხს "კვირები, და არა თვეები" დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG