Accessibility links

site logo site logo

პუტინმა ხელი მოაწერა ჯარიმების დამდგენ კანონპროექტს "უცხოეთის აგენტების" კანონის დარღვევაზე


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს ჯარიმებს რამდენიმე კანონის დარღვევისთვის. მათ შორისაა კამათის საგნად ქცეული, "უცხოეთის აგენტების" კანონი და პროტესტთან დაკავშირებული კანონები - მათ შორის, აქციების დაფინანსებასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით.

პუტინის მიერ 24 თებერვალს ხელმოწერილი კანონებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინფორმაციის და სხვა მასალების გავრცელება, მათი სტატუსის აღნიშვნის გარეშე, დაისჯება 2,500 რუბლით ($33.5) ცალკეული პირებისთვის და 500,000-მდე რუბლით ($6,720) - უწყებებისთვის.

პუტინის მიერ ხელმოწერილი სხვა კანონები ადგენს ჯარიმებს პირთათვის, რომლებსაც დაუმტკიცდება აქციის უკანონო დაფინანსება - ცალკეული ინდივიდები ამისათვის 15,000 რუბლს ($200) გადაიხდიან, ორგანიზაციები - 100,000 რუბლს ($1,345).

კიდევ სხვა კანონით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები პოლიციის და უსაფრთხოების ძალებისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

"უცხოეთის აგენტების" კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ რამდენჯერმე შეცვალეს. ამ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და რომლებსაც მთავრობა პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად მიიჩნევს, მოეთხოვებათ რეგისტრაციის გავლა, საკუთარი თავის "უცხოეთის აგენტად" ცნობა და აუდიტის მიწვევა. კანონში მოგვიანებით შეტანილმა შესწორებებმა მიზანში ამოიღო უცხოეთის მიერ დაფინანსებული მედია, მათ შორის, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რადიო თავისუფლების კიდევ ექვსი რუსულენოვანი ახალი ამბების სამსახური და ტელეარხი "ნასტოიაშჩეე ვრემია".

ვლადიმირ პუტინის მმართველობის ადრეული პერიოდიდან კრემლმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა დამოუკიდებელი მედიის კონტროლი. ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ", მედიის თავისუფლების შესახებ თავის ანგარიშში რუსეთს 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილზე განათავსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG