Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ-ს სურს, წევრის სტატუსით დაუბრუნდეს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს


აშშ დაუბრუნდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს, სამ წელიწადში მას შემდეგ, რაც იქიდან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიყვანა, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 24 თებერვალს.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონს სურს, ის საბჭოს წევრად მიმდინარე წელს აირჩიონ, მანამდე კი დარჩება აქტიურ დამკვირვებლად და მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ხმამაღალ მოსაუბრედ.

ბლინკენი საბჭოს ჩაწერილი ვიდეოთი მიმართავს და ამბობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია იმუშავებს იმ "დისპროპორციული ფოკუსის" აღმოფხვრაზე, რომელიც, მისი თქმით, ჟენევის ამ ფორუმში ისრაელზე კეთდება.

"მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ აშშ-ის სურვილია, 2022-2024 წლებში არჩეული იყოს ადამიანის უფლებების საბჭოში. გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს უმორჩილესად ვთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი სურვილისა, დავიბრუნოთ ადგილი ამ ორგანოში", - ამბობს ბლინკენი.

ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ თმობდა თავის ადგილს ადამიანის უფლებების საბჭოში, მას შემდეგ, რაც ამ უწყებას ბრალი დასდო ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებაში, ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი რეფორმების შეუსრულებლობასა და თავის წევრებს შორის რამდენიმე ავტორიტარული ქვეყნის ყოლაში.

ბაიდენის მთავრობა ორგანოს დამკვირვებლის სტატუსით მიმდინარე თვეში დაუბრუნდა.

გაეროს გენერალური ასამბლეა 47-ადგილიან საბჭოში სამწლიანი წევრობისთვის კენჭისყრას ოქტომბერში გამართავს. ამჟამინდელ წევრებს შორის არიან ბრიტანეთი, ჩინეთი და რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG