Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ კვლავ ეცდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში გაწევრიანებას


აშშ სამი წლის შემდეგ დაუბრუნდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს, მას მერე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ საერთაშორისო ორგანოდან გაიყვანა ქვეყანა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა 24 თებერვალს.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი წელს მიიღებს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას. მანამდე ის დარჩება აქტიურ დამკვირვებლად და ამ პერიოდის განმავლობაშიც ხმას აიმაღლებს დარღვევებზე მსოფლიო მასშტაბით.

ბლინკენმა საბჭოს მიმართ ეს განცხადება გააკეთა წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში. მან თქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იმუშავებს იმაზე, რომ აღმოფხვრას გაეროს ფორუმის „არაპროპორციული ფოკუსირება“ აშშ-ის მოკავშირე ისრაელზე.

„სიამოვნებით მინდა გამოვაცხადო, რომ აშშ მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებების საბჭოს არჩევნებში 2022-2024 წლების პერიოდისთვის. ჩვენ მოკრძალებულად ვითხოვთ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას, რათა დავბრუნდეთ ამ ორგანოში“, თქვა ბლინკენმა.

ტრამპის მმართველობის პერიოდში, 2018 წლის ივნისში, აშშ-მა დატოვა საბჭო, მაგრამ მიმდინარე თვეში ჯო ბაიდენის მთავრობა მას დამკვირვებლის სტატუსით დაუბრუნდა.

გაეროს გენერალური ასამბლეა ოქტომბერში გამართავს ადამიანის უფლებების საბჭოს ყოველწლიურ არჩევნებს. საბჭოში 47 წევრია, მათ შორის - დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG