Accessibility links

site logo site logo

Foreign Policy: მელიას დაკავებამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი წამოჭრა


ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ 23 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, სათაურით „საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ სანქციების მოთხოვნა გამოიწვია“.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ტესტია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისათვის, რომელმაც პირობა დადო, რომ დაიცავდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში. შემდეგ კი ავტორს მოჰყავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის სიტყვები: „საერთაშორისო საზოგადოების პასუხი უნდა იყოს სწრაფი და მძლავრი. უნდა თქვან, რომ თუ მელიას არ გაათავისუფლებენ და ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუბრუნდება, სანქცია დაეკისრება ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ამ კრიზისული ვითარებისკენ მიმართვის გამო“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი

Foreign Policy ხაზს უსვამს, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის და ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა. ამიტომაც საქართველოს ოფიციალურ პირებზე დაწესებულ სანქციებს გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, ვიდრე ამას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აქვს - ქართველი თანამდებობის პირები, პოლიტიკური მიზეზების გამო, ქონებას რუსეთში ვერ გადაისვრიან.

გამოცემას მოჰყავს პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვები, რომ „დასავლეთის ზეწოლა აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“.

Foreign Policy-ის სტატიაში არ არის დამატებითი მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად სავარაუდოა მსგავსი აქციების დაწესება. ავტორს მოჰყავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადება, რომ „ამერიკა ყველა მხარეს მოუწოდებს, დაძაბულობის ესკალაცია შეწყვიტონ და პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებების გზით გადაჭრან“. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ პრაისს არ მიუნიშნებია, გადადგამს თუ არა აშშ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით.

სანქციებს ახსენებს Politico-ში 24 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის ავტორიც, რომელიც წერს, რომ დასავლეთის პასუხის გამკაცრებას ოპოზიციის ზოგიერთი ქართველი წარმომადგენელი ითხოვს - ივანიშვილების ისეთი სანქციების დაწესებას, როგორიც მოჰყვა რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლას. გამოცემა ნინო ბურჯანაძეს ციტირებს - „ველი, რომ რაიმე მსგავსს ვნახავ საქართველოსთან მიმართებითაცო“.

Politico აგრძელებს - მიუხედავად საქართველოს ახალი პრემიერის მკაცრი რიტორიკისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან დამატებითი კონფრონტაცია წამოიწყოს.

„ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა აჩვენებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღიქვამენ მას დასავლეთში“ - წერს ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG