Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI-ს სათავო ოფისი: ნიკა მელიას დაპატიმრება მხოლოდ დაამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს


საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სათავო ოფისი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (TI) მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ დაამძიმებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

„ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა პოზიტიურ მაგალითად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის, მორიგი გამოვლინებაა ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხისა და სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა. კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ეროზია, ასევე უწყვეტი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებზე, მნიშვნელოვან უკუსვლას იწვევს დემოკრატიის მხრივ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და მმართველი პარტიის გავლენა სამართალდამცავ უწყებებზე, გამოიყენება, როგორც იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

დასანანია, რომ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს შედეგიანი ანტიკორუფციული რეფორმებით იყო ცნობილი, დაუსჯელობა სულ უფრო მეტად მკვიდრდება ნორმად მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვის მიზნით და შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება რეალური ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG