Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრები განახლდება


მურატ ჯიოევი
მურატ ჯიოევი

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი ონლაინშეხვედრა გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ანიკა სედერმა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამ პოსტზე ანიკა სედერმა ცოტა ხნის წინ რუდოლფ მიხალკა შეცვალა. დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა და ანიკა სედერმა მხარეებს შორის არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს.

როგორც ცხინვალის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, ჯიევმა და სედერმა ახლო მომავალში ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ინციდენტების პრევენციის შეხვედრა გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ გამართულა. მთავარი ხელისშემშლელი კორონავირუსის პანდემიაა. ამ შეხვედრებზე ქართული მხარე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს აყენებს და გამყოფი ხაზის გასწვრივ მომხდარ ინციდენტებს განიხილავს.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობს, შეხვედრის ჩატარება 5 მარტსაა დაგეგმილი. 5 მარტის შეხვედრაზე დიდ იმედს ამყარებს ქვემო ჭალის მცხოვრების, ზაზა გახელაძის ოჯახიც, რომელიც დიდი ხანია, ცხინვალის ციხიდან მის გათავისუფლებას ითხოვს.

5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ვიდეოდიალოგის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართება. 18 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე, რომელიც ჟენევის დისკუსიის ეუთოს თანათავმჯდომარესთან ანიკა სედერთან ერთად საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას გაეცნო. მათ ოკუპაციის ხაზთან მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შეგელი მასპინძლობდა. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG