Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მინისტრი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს


უენდი მორტონი და დავით ზალკალიანი. თბილისი, 2021 წლის 15 თებერვალი
უენდი მორტონი და დავით ზალკალიანი. თბილისი, 2021 წლის 15 თებერვალი

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში უენდი მორტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე.

მორტონი ტვიტერზე წერს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ნებისმიერი სასამართლო პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, უთანხმოების დასაძლევად ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში.

23 თებერვალს, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მეორე დილას. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა 18 თებერვალს გადამდგარი გიორგი გახარია, რომელმაც გადადგომის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიამ გირაოს გადაუხდელობით პატიმრობა თავად აირჩია და მის მიმართ მხოლოდ კანონი აღსრულდა. მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG