Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს რუსეთთან შედარება ქართველი იუნკერების შეურაცხყოფაა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში მდებარე მემორიალთან პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნას.

მედიასთან კომენტარში მან აღნიშნა, რომ 100 წლის წინ განცდილი მარცხის მიუხედავად, დღეს საქართველო მაინც გამარჯვებულია, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

„იმის მიუხედავად რომ ამის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები დავკარგეთ და დღესაც არის ოკუპირებული, ის რომ სახელმწიფო დგას დამოუკიდებლად ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იუნკერების სხოვნის მემორიალთან დგომისას ყველას უნდა ახსოვდეს თუ რა ღირებულები აერთიანებდათ მათ.

„ვიცოდეთ და გვახსოვდეს რისთვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, იბრძოდნენ დამოუკიდებლობის დასაცავად, იბრძოდნენ კანონის უზენაესობის დასაცავად, იბრძოდნენ საზღვრებისთვის. ეს ყველაფერი არის ის რაც მათ დაგვიტოვეს და თუ ჩვენ მათ პატივს ვცემთ და ყველანი პატივს ვცემთ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი იბრძოდნენ ასევე საქართველოს ერთიანობისთვის, ერთსულოვნებისთვის და ეს არის ჩვენი ვალდებულება მათ მიმარტთ, რომ მხოლოდ ფორმალურად კი არ ვცეთ, პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რაც მათ აერთიანებდათ და დღესაც გვაერთიანებს“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქით, უდიდესი შეურაცხყოფაა როცა დღეს ვინმე საქართველოს ადარებს რუსეთს, „ადარებს ნავალნის საკითხებს, ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური ამბიციები, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“.

ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადებები სადაც საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეადარეს რუსეთის ხელისუფლების არადემოკრატიულ ქმედებებს.

წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერმა კახა კაძალძემ და მთავრობის სხვა წარმომდგენლებმა. მათ ადგილზე მისული სამოქალაქო აქტვისტების პროტესტის ფონზე მოუწიათ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

კოჯორში მდებარე მემორიალთან იმყოფებოგნენ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენებიც.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG