Accessibility links

site logo site logo

ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა საბჭოთა ოკუპაციაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს


1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე საქართველოს მთავრობა ოფიციალურ საიტსა და ფეისბუკის გვერდზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. 

„1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა“, – დაწერა მთავრობამ Facebook-პოსტში, რომელსაც ისტორიკოსების და საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მთავრობას არასწორი ინფორმაციის და საბჭოთა მითების გავრცელებაში ამხელდნენ და შეცდომაზე მიუთითებდნენ. განცხადების გავრცელებიდან 13 საათის გასვლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ ტექსტი მცირედით შეცვალა, თუმცა ოფიციალური განმარტება დაშვებული შეცდომების შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„17 თებერვალს განხორციელდა ანექსიაო, როცა 25 თებერვალია ოკუპაციის დღე და ამის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთ თვეს იბრძოდა.

იუნკერთა დიდი ნაწილი დაიღუპაო, როცა რეალობა ასეთია: 183 იუნკერიდან დაიღუპა მხოლოდ 9. დიახ, ცხრა. იუნკერები ქართული ჯარის დაახლოებით 1%-ს შეადგენდნენ. დიახ, ერთს. არმია, გვარდია, მოხალისეები და ის დანარჩენი 99% საერთოდ არ იხსენიებიან“, - ასე გამოეხმაურა ისტორიკოსი ბექა კობახიძე მთავრობის განცხადებას ფეისბუკზე. ამავე სტატუსში მან ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა. მისი შეფასებით, „ოკუპაციის 100 წლისთავის აღსანიშნად არაფერი გაკეთდა (გარდა დემოკრატიის განადგურების მცდელობისა და კონსტიტუციის 100 წლისთავზე ირაკლი კობახიძის დაჯილდოებისა). ამას პოსტის დამწერი საჯარო მოხელის უცოდინრობას ნუ დააბრალებთ, თქვენ ეს დღე რამედ რომ გიღირდეთ და ფეხებზე არ გეკიდოთ, პირადად პრემიერი უნდა აკეთებდეს ყველაზე შეწონილ, კომპეტენტურ და კარგად ნაფიქრ განცხადებას“, - წერს ბექა კობახიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

სწორედ საჯარო მოხელის "უნებლიე შეცდომით" ახსნა საბჭოთა მითების გავრცელება მთავრობის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებიდან მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო წივწივაძემ, რომელმაც "განცხადებაში არსებულ უზუსტობას" "ტექნიკური ხარვეზი" უწოდა და თქვა, რომ ის კრიტიკა, რაც ამ "უზუსტობას" მოჰყვა, სამართლიანია, თუმცა ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაცია უკვე გასწორებულია.

მთავრობის "გასწორებულ" ინფორმაციაში კვლავ ვკითხულობთ, რომ "1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა". ამ განცხადებაში აღარ წერია, რომ იუნკერთა დიდი ნაწილი დაიღუპა, თუმცა არც ის არის ნახსენები, რა ძალა ებრძოდა საბჭოთა ჯარს 100 წლის წინ.

"საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, [ომი] 16-ში დაიწყოო, 11/12-ში მოგეჩვენათ ჩვენ არ ვიყავითო, არადა ახლა უკვე დოკუმენტები გვაქვს რომ 11/12-ის ღამით დაიწყეს და არა 16-ში. ეს 17 კიდევ უარესია ან ამას თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ 2039 წელს პოლონელებმა დაწერონ რომ ომი 10 სექტემბერს დაიწყო? ან რუსებმა 2041 წელს დაწერონ რომ 14 ივლისს დაიწყო მათი ომი? განახორციელაში თუ დაწყება არ იგულისხმება და დასრულება იგულისხმება მაშინ კიდევ უარესი", - წერს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ფეისბუკის გვერდზე და აღნიშნავს, რომ გარდა იუნკრებისა, რომელზეც მთავრობა აქცენტს აკეთებს, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 40 000-მდე ადამიანი იბრძოდა. ბრძოლაში ჩართული იუნკრების რიცხვი კი 200-იც არ იყო. დიმიტრი სილაქაძე წლებია მუშაობს მითებზე, რომელიც 1921 წლის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობდა საბჭოთა პროპაგანდის ფარგლებში.

"ხო შეიძლება ვიკიპედიის დონეზე მაინც გადაემოწმებინათ ეს ორი წინადადება?" - კითხულობს დიმიტრი სილაქაძე.

ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე მთავრობის მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ოკუპაციის დღეს რამდენიმე მიზეზით ხსნის:

"პარლამენტის და მთავრობის ფეისბუქ გვერდებმა ზუსტად ორ წინადადებიანი სულელური ტექსტები დადეს, სადაც ოკუპაციასთან მეომარი რესპუბლიკა 9 იუნკრის დაღუპვამდეა დაყვანილი. აქ ჩანს ყველაფერი ერთად:

1. უვიცობა.

2. საკითხისადმი აგდებული დამოკიდებულება.

3. მიზანმიმართული დაკნინება.

ქართული ოცნება არის თანამედროვე საბჭოთა კავშირი, პუტინის რუსეთის საქართველოს ფილიალი, რომელიც ქართული საზოგადოების ყველაზე მარგინალურ ფენებს - კრიმინალებს, ნეპოტისტებს, რუსეთმეებს, უბრალოდ ჩლუნგებს და ანაფორიან ჩეკისტებს ეყრდნობა", - წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG