Accessibility links

site logo site logo

"ქართული ოცნების" დეპუტატი სანაიაზე საუბრისას: არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა


"ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ "ფორმულას" ჟურნალისტზე ძალადობის საქმე სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ. ჟურნალისტებთან საუბრისას ის შემთხვევას შემაშფოთებელსა და შემაძრწუნებელს უწოდებს, თუმცა აქვე ამბობს:

"ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა".

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, ჟურნალისტზე თავდასხმას სწორედ ხელისუფლების რიტორიკას უკავშირებენ.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG