Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე ლაპარაკობს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობაზე


კახა კალაძე

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის მერი კახა კალაძე.

„კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აუცილებელი და დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავჯექით, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია, ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ყველა ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში დარწმუნებული ვარ, ხდება პოლიტიკური კრიზისები. ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ და მე არ ვითხოვ, რომ პოლიტიკურ პარტიებს გვიყვარდეს ერთმანეთი, ან რაღაც განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ რაღაც არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც სჭირდება პატივისცემა. ასევე, კანონს სჭირდება პატივისცემა. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომ საზოგადოებამაც და ყველამ გაითავისოს, კანონი არის უზენაესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა კალაძის განცხადებას და მას პირდაპირობისკენ მოუწოდა.

„ნამდვილად ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. მას თუ რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად. მიკიბ-მოკიბვის დრო აღარ არის. თუ მას აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას; თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მოჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას; მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, თბილისის არჩეულ მერს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ, ასეთი ამბივალენტური საუბრები, რომელიც იმასაც ტოვებს და ამასაც; იქითაც ვარ, აქეთაც ვარ; ქიცის ვარ, ქიცმაცურიც ვარ; ესეც მინდა, ისიც მინდა; ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. ამიტომ, როდესაც უნდა, ბატონ კახას სჩვებია პირდაპირობა და პირდაპირობის დრო არის. თქვას, რაც უდევს გულში“, - აცხადებს უგულავა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილით, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. 18 თებერვალს თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG