Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას


ირაკლი ღარიბაშვილი

ტელეკომპანია „ფორმულის" ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „მსურს, გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

„[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

ვახო სანაიაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით საპატრულო პოლიციამ სამი პირი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG