Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 თებერვალს


მელიას საქმე: სააპელაციო სასამართლოს უარი და მზადება აქციისთვის

დღეს ოპოზიცია ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით გამართავს საპროტესტო აქციას, რომელიც ჯერ კიდევ მისი დაკავების დღეს, 23 თებერვალს დაანონსდა. მსვლელობა დაიწყება ფილარმონიიდან 15:00 საათზე და შემდეგ რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრება.

გუშინ კი მელიას ადვოკატებს სამართლებრივი გზით ბრძოლის კიდევ ერთი კარი დაეხურათ, როცა სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა მათი სარჩელის მიღებაზე.

მოგვიანებით პროკურატურამ ახალი სამართლებრივი გამოსავალი გააჟღერა. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ თუკი მელია გადაიხდის 40 000 ლარს გირაოს სახით, უწყება სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ ის გაათავისუფლონ. საუბარია იმ გირაოზე, რომელიც სასამართლომ მას 3 ნოემბრის განჩინებით შეუფარდა.

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მალევე განმარტა, რომ განჩინება, რომელიც პროკურატურამ დაასახელა, ძალაში აღარ არის.

„პროკურორი გვესაუბრება, რომ 3 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული გირაო გადაიხადოს ნიკა მელიამ და მზად ვართ, მივმართოთ სასამართლოსო. ის განჩინება ბუნებაში აღარ არსებობს, აღარ არის ძალაში, იმიტომ, რომ სასამართლომ შეცვალა იმ განჩინებით გამოყენებული გირაო პატიმრობით“, - განმარტა მელიას ინტერესების დამცველმა.

წაიკითხე მეტი.

თავდასხმა ვახო სანაიაზე: ჟურნალისტს ტვინის შერყევა დაუდასტურდა

ტელეკომპანია „ფორმულის" ჟურნალისტის ვახო სანაიას ცოლი „ფეისბუკზე" წერს", რომ ვახო სანაიას დაუდასტურდა ტვინის შერყევა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის, როგორც ჟურნალისტის, მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

„მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ“.

ვახო სანაიაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით საპატრულო პოლიციამ სამი პირი დააკავა.

თავდასხმას პოლიტიკოსები და უფლებადამცველები გამოეხმაურნენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე განხორცელებულ თავდასხმას „მიუღებელი“ უწოდა. მომხდარი დაგმო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ამ ფაქტზე კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია და აქვე დაამატა:

„ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა“.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში ბოლო 2 კვირის მანძილზე გაკეთებული კოვიდტესტების დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად რჩება 2,28%-ს ქვემოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მკაცრი შეზღუდვების მოხსნის საფუძველი უკვე არსებობს.

გუშინ სამთო კურორტებმა უკვე განაახლეს მუშაობა. აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა, მაშინ, როდესაც პირბადის გამოყენების მაჩვენებელმა 72%-დან 66%-მდე დაიწია, შეზღუდვების თითქმის მაქსიმალურმა მოხსნამ, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გააუარესოს, რასაც კვლავ ხანგრძლივი „ჩაკეტვა“ და ისედაც რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება მოჰყვება.

იყო თუ არა შეზღუდვების მოხსნა პოლიტიკური ფანდი, რომელიც ახალ „ჩაკეტვამდე“ მიგვიყვანს? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში

მდინარაძე: ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა

გუშინ გვიან საღამომდე გაგრძელდა „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. მისი დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საუბარი ეხებოდა მერიასთან ერთად შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენებულ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებას.

„ათიათასობით ადამიანი ელოდებოდა ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მერიასთან ერთად შევიმუშავეთ კანონპროექტი - ამნისტირებული იქნება ის შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა, მაგრამ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების პირობებს და ელემენტარულ პირობებს, რამაც არ უნდა შეუქმნას მოსახლეობას და იქ მცხოვრებლებს პრობლემა. ასევე ჯარიმების მოხსნაზეა საუბარი. ამ კანონის ამოქმედებიდან ათიათასობით მოქალაქეს თბილისში, რომლებიც ასეთ კორპუსებსა და შენობებში ცხოვრობენ, ექნებათ საშუალება, რომ უკვე დაირეგისტრირონ თავისი საცხოვრებელი ფართები, ექსპლუატაციაში მიიღონ საცხოვრებელი ბინები. კანონიერად და ოფიციალურად იქნებიან აბონენტებად აყვანილები და ა.შ. ეს არის ძალიან პოზიტიური კანონპროექტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სხვა განცხადებები სხდომის შემდეგ:

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო წვრთნა

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ნიქოზსა და ერგნეთში, დილიდან ესმით ოკუპირებული ტერიტორიიდან წამოსული აფეთქებების და სროლის ხმა. დიდი ლიახვის ხეობის ოკუპირებულ სოფელ ძარწემის პოლიგონზე საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო წვრთნას გადის. ოსური მედიის ცნობით, სწავლება 19 თებერვალს მთიან რელიეფზე სნაიპერების მომზადებით და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ტაქტიკის სწავლებით დაიწყო. ბოლო დღეებში კი უკვე საარტილერიო მომზადება მიმდინარეობს.

აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერია, რომ ქართულ სოფლებში სახლების ფანჯრები ზანზარებს. სოფელ ერგნეთის მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს, რომ ერგნეთელებისთვის აფეთქებების ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა: „ეს უკვე წლებია გრძელდება. წვრთნები პერიოდულად მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას ეს ხმები ესმის და შეწუხებულია. შიშიც იგრძნობა ხალხში. როცა ეს ხმები აქამდე აღწევს, იმდენად ძლიერია, რომ შუშებიც კი ზრიალს იწყებს“.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც გამოეხმაურნენ. სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

წაიკითხე მეტი.

„უკანასკნელი იუნკერის“ ჩანაწერები: ნიკოლოზ მათიკაშვილი

1990 წლის ნოემბერში მწერალმა და ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა, ყოფილი იუნკრის, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლების მონაწილე ნიკოლოზ მათიკაშვილისგან პოლონეთიდან წერილი მიიღო. კონვერტს ქართულად და პოლონურად ეწერა ადრესატის სახელი.

69 წლის განმავლობაში ემიგრაციაში მყოფი ნიკოლოზ მათიკაშვილი (იმ დროს 90 წლისა) პაატა ნაცვლიშვილს სწერდა, რომ წაეკითხა „სამშობლოში“ დაბეჭდილი მისი წერილი კიდევ ერთი ემიგრანტის, თანამებრძოლის და შემდგომ, 1924 წლის აჯანყების მონაწილის, ალექსანდრე სულხანიშვილის საქართველოში დაბრუნების ამბავზე.

„სამშობლოს“ მორიგი ნომრიდან გავიგე, რომ თქვენი მცდელობით მას ნატვრა აუსრულდა და დღეს ის უკვე საქართველოშია. ამ ცნობამ ისე იმოქმედა ჩემზედ, თითქოს მისი ბედნიერება მე შემეხებოდეს“, - წერდა ყოფილი იუნკერი.

ნიკოლოზ მათიკაშვილს ამავე კონვერტში ალექსანდრე სულხანიშვილისათვის გადასაცემი წერილიც ჩაედო:

„ძმაო საშა!

გამეხარდა შენი ნატვრის ასრულება და საქართველოში დაბრუნება. „სამშობლოში“ მოთავსებულ სურათებიდან ჩანს, რომ სიბერეს ცოტა დაუჯაბნიხარ, მაგრამ მახლობლებთან ყოფნა, საქართველოს ბუნება და მის მიმდინარე მოვლენებში ტრიალი მალე ჯანმრთელობას დაგიბრუნებს და ფეხზე დაგაყენებს. მოხარული ვიქნები, თუ ძალა შეგწევს და წერილს მომწერ“...

თუმცა ამ წერილის მიღების დროს თავად ალექსანდრე სულხანიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო - მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ 18 დღეს იცოცხლა.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში

რამდენიმე ფოტო, კინოქრონიკის კადრები, არც ისე ბევრი ჩანაწერი და მოგონება - სულ ესაა, რაც 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ არქივებში ამ დრომდე გამოჩნდა და რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო დღეების და ოკუპაციის სურათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობას გვაძლევს. წინ ბევრი სამუშაოა და არაერთი გამოსაკვლევი დეტალი. დღეს, ასი წლის შემდეგ ამ დღიდან, მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იყო 25 თებერვლის განთიადი თბილისში - რა ხდებოდა რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ დანებებულ დედაქალაქში, რომელშიც საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG