Accessibility links

site logo site logo

თბილისში ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა და მიტინგი გაიმართება


ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია რუსთავის საპატიმროსთან. 2021 წლის 24 თებერვალი

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები დღეს თბილისში გამართავენ საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნებით.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბებიან ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობას თავისუფლებისთვის“ დაიწყებენ და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართებიან. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზე გაკეთდება.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავის და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიამ გირაოს გადაუხდელობით პატიმრობა თავად აირჩია და მის მიმართ მხოლოდ კანონი აღსრულდა. მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG